მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი გამოცემა „ჯორჯიან თაიმსის“ განახლებას აპირებს.
გულაშვილის განცხადებით, გამოცემა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე უახლოეს მომავალში განაახლებს მუშაობას და აღნიშნავს, რომ აპირებს მხარში დაუდგეს იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენა სურთ.
„ამ პერიოდის განმავლობაში, „ჯორჯიან თაიმსი“ იყო დატყვევებული. ვაპირებ უახლოეს მომავალში, „ჯორჯიან თაიმსი“ ქართულ და ინგლისურ ენაზე და საიტი აღვადგინო და შემდგე უკვე, ჰოლდინგის გაფართოებაზე ვიფიქრო. ასევე ვაპირებ დავიცვა იმ პატიმრების უფლებები, რომელთა უფლებებიც დღემდე შეილახა და მხარში დავუდგე იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენა სურთ“, - განაცხადა გულაშვილმა.
ცნობისთვის, მალხაზ გულაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვა.
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ძალოვნებმა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 2011 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.
ამ პერიოდში მალხაზ გულაშვილს ძებნილის სტატუსი ჰქონდა. ვანო მერაბიშვილის უწყება მას,, 2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ეძებდა.