იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ მდგომარეობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის დასადგენად სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგს ჩაატარებს.
„აუდიტის სამსახური დაიწყებს შემოწმებას იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა რაიმე გარღვევას ადგილი. ამ ეტაპზე, ფინანსური გარღვევის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი კარგი იურისტი იყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას, წულუკიანის განმარტებით, მასზე ყველა მინისტრი შესაბამისი უწყების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს. ამის შემდეგ კი წულუკიანის თქმით, შედგება სამუშაო გეგმა და განისაზღვრება პრიორიტეტები.
„გარდა ამისა, საუბარი შეეხება ფინანსურ საკითხებს. ჯერ კიდევ ქუთაისში ჩატარებული სხდომის დროს პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ თითოეულ მინისტრს წარმოგვედგინა უწყებების შესაძლებლობები ფინანსური კუთხით, რათა საბიუჯეტო დაფინანსებები გადაიხედოს და პრიორიტეტულად დასახელებული მიმართულებები დაფინანსდეს - ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლებაა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე პირადად ისაუბრებს მის გადაწყვეტილების შესახებაც, რომლის მიხედვითაც, სამინისტრომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სერვერების გაკონტროლებაზე უარი განაცხადა.