შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა სავარაუდოდ, ნოემბერში შეიკრიბება.
„ჩატარდება, თუ არა ნოემბერში შეწყალების კომისიის სხდომა, ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტრადიციულად ამ სხდომის ჩატარებისთვის მე პრეზიდენტს უკვე მივმართე. ველოდები პასუხს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ სხდომისთვის ვემზადებით“, - განაცხადა თევდორაძემ.
რაც შეეხება, სიის განახლებაზე მუშაობას, თევდორაძის თქმით, კომისიის იმ წევრებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თანამდებობებზე აღარ იმყოფებიან, კომისიაში უფლებამოსილება შეუწყდათ.
შესაბამისად ის აღნიშნავს, რომ სიის განახლებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
„კომისიის შემადგენლობაში ახალი წევრები აუცილებლად იქნებიან. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და პრეზიდენტის აპარატში ამ თემაზე უკვე მუშაობენ. სულ ვიყავით 14 წევრი და ვნახოთ, ვინ დარჩება და ვინ – არა. შეწყალების კომისიის მორიგ სხდომას ახალი შემადგენლობით ჩავატარებთ“, - განაცხადა თევდორაძემ.
ცნობისთვის, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად შედიოდნენ: ელენე თევდორაძე, კახა ანჯაფარიძე, ლაშა ბუღაძე, მარიკა ვერულაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, ზურაბ კიკნაძე, რომან მარსაგიშვილი, აკაკი მინაშვილი, ნიკოლოზ რურუა ,მამუკა ფაჩუაშვილი, გივი შაჰნაზარი, ბეჟან ხურციძე და გიორგი ტუღუში.
პატიმართა მორიგი შეწყალება სავარაუდოდ, 23 ნოემბრისთვის იგეგმება.