სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად პატიმართა რესოციალიზაციის პროექტის განხორციელების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელიც საპატიმროში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესთან ერთად, ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, რელიგიის მიზანი სწორედ ეს არის და ამ მხრივ სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად სერიოზულ მუშაობას გეგმავს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პატრიარქმა თავად აირჩია ორი დაწესებულება, სადაც ყველაზე გრძელვადიანი პატიმრები იმყოფებიან.ეს იყო #1 და #7 დაწესებულება, მეშვიდე დაწესებულებაში უწმინდესი პირადად ესაუბრა ყველა პატიმარს, ხელი ჩამოართვა, დალოცა და ამ ადამიანებისთვის ეს დიდი ნუგეში იყო. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად ვგეგმავთ რესოციალიზაციის განხორციელებას, რათა ციხე იყოს პატიმრებისთვის არა დათრგუნვის ადგილი, არამედ ადგილი, სადაც იქნება მუშაობა მათი გამოსწორებისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის", - განაცხადა სუბარმა.