მინისტრი ირაკლი ალასანია უწყების თანამშრომლებსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ალასანიამ შეხედრაზე ყურადღება თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
„კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია. ქართული არმია გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ასევე იქნება მთავარი პრიორიტეტი, თავდაცვის სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება უახლოეს მომავალში განხორციელდება. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესი. თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას თუ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას“, - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, მინისტრის მოადგილეები ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, დასახელდებიან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.