თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ახალი ოპოზიციონერი მოადგილე, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე იქნება.
გიორგი ტყემალაძე აღნიშნულ პოსტზე დავით საგანელიძეს შეცვლის, რომელმაც 1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაიკავა.
საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიას კოკი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს, საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარედ კი გურამ კინწურაშვილი დაინიშნება. ასევე, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები კახა ბროკიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატი" ინგა გრიგოლიას ადგილმონაცვლეა.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე ცვლილებები განხორციელდება საკრებულოს კომისიებში, კენჭისყრით აირჩევენ რამდენიმე კომისიის თავმჯდომარეს, კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ყოფილი მოადგილე დავით ჭინჭარაძე უნდა აირჩიონ, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას დავით წერეთელი უხელმძღვანელებს, გელა ომანიძე კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
ამასთან, დღესვე საკრებულო 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას გამოეყო საერთაშორისო ურთიერთობების სფერო და ცალკე კომისია ჩამოყალიბდა.