შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კუდ-ი და სოდ-ი გაუქმდება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება ადამიანების ხარჯზე, რომლებიც აქ მუშაობენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ დეპარტამენტების გაუქმების გადაწყვეტილება მათ მიმართ საზოგადოების დეგატიურმა დამოკიდებულებამ განაპირობა.
„ამ დეპარტამენტის ფუნქციები გადანაწილდება და შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო იქნება. რაც შეეხება სოდ-ს, ისიც გაუქმდება და მის ფუნქციებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეითავსებს, "-განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ახალმა მინისტრმა აღნიშნა, სტრუქტურული ცვლილებების დეტალებზე ორშაბათის შემდეგ ისაუბრებს.
ამასთან მისი თქმით, უწყებაში გამოცხადდება რეორგანიზაცია შეიქმნება ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო.
„ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას. მე მხოლოდ და მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში. ვპირდები ყველას, რომ იმაზე უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პატრული არის ძალიან პროგრესული და კარგი პროექტი.