საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავის მოადგილეების დასახელებას და მათ პრემიერ-მინისტრისთვის, მთავრობასა და საზოგადოებისთვის წარდგენას ორშაბათს ან სამშაბათს აპირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილმა „ქართულ ოცნებას" და პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკისრება და მზად არის მართოს ეს სისტემა.
მისი თქმით, ის იქნება ძალიან პრინციპული, სამართლიანი, კანონიერი, ჰუმანური და აღნიშნა, რომ ამ პრინციპებზე დააფუძნებს მთელი სამინისტროს მუშაობას.
„ამავე დროს მე ვიქნები ძალიან კორექტული, კონსტრუქციული, მზად ვარ მივიღო ყველა შენიშვნა, ობიექტური კრიტიკა ნებისმერი თანამშრომლისგან. მე ვიქნები ობიექტური და ვიშრომებ თავდაუზოგავად, რომ ვუზრუნველყო ხალხის უსაფრთხოება. პოლიციის მთავარი ფუნქცია - ემსახუროს ხალხს, უნდა აღვადგინოთ. მე ვიქნები პირველი მეგობარი და უფლების დამცველი თითოეული მოქალაქის, ამავდროულად ვიქნები პირველი მეგობარი თითოეული პოლიციელის, თანამშრომელის. ვიქნები შეურიგებელი კრიმინალთან და დაუძინებელი მტერი ყოველი დამნაშავის",-განაცხადა მინისტრმა.