"დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლების კრიტიკაზე 3 თვიან მორატორიუმს აცხადებს და პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას აღნიშნული ინიციატივისთვის შეერთებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ახალი მთავრობის პროგრამა ხალხის მოთხოვნასა და მოლოდინს სრულად შეესაბამება და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან მშვიდობიანად გამოყვანისა და მისი სწორი განვითარების რეალურ საშუალებას იძლევა.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ახალმა მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნული პროგრამის სწრაფი და ეფექტური განხორციელება დაიწყოს. მოსახლეობა უდიდეს იმედს ამყარებს ახალ ხელისუფლებაზე. ჩვენთვის გასაგებია სურვილი და მოლოდინი, რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მყისიერად მოგვარდეს. ახალი მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები კი იმდენად მაშტაბური და მრავლისმომცველია, რომ მისი განხორციელებისათვის გარკვეული პერიოდია საჭირო. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველა მიმართულების მემკვიდრეობით უმძიმესი ვითარება ერგო. ლოგიკურია, რომ ახალ ხელისუფლებას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალებისგან ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის დრო უნდა მიეცეს. აქედან გამომდინარე, „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლების კრიტიკაზე 3 თვიან მორატორიუმს აცხადებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ისინი იტოვებენ უფლებას აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყნისთვის პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება კონსტრუქციულ წინადადებებს განიხილავს და გაიზიარებს. ამასთან, მივიჩნევთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლით, გაჩნდა შანსი ქვეყანა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების რითმს დაუბრუნდეს. შესაბამისად, „დემოკრატიულ მოძრაობას“ საკუთარი არსებობის მანძილზე პირველად ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ზეწოლის, პოლიტიკური შანტაჟის, ცილისწამებისა და რეპრესიების გარეშე“, - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური ძალა საკუთარი პარტიული სტრუქტურების რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების რეფორმირებისა და გაძლიერების რეჟიმში გადადის.
ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამა მნიშვნელოვანწილად ემთხვევა „დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამასა და ხედვას. შესაბამისად, ბურჯანაძის თქმით, მათთვის ამ პროგრამის რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მხარდაჭერა მათთვის მისაღებია.
„დარწმუნებული ვარ, ახალ ხელისუფლებას ჩვენი მხრიდან არ დასჭირდება შეხსენება, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნილების სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება, რომელთა მიმართ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს.
„ეჭვის დადასტურების შემთხვევაში, მათ თავისუფალი სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.