სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსანდრე პეტრიაშვილს სამინისტროში ხვალ ელოდებიან.
როგორც პეტრიაშვილმა From.ge-ს განუცხადა, ის ჯერ ისევ ქუთაისში იმყოფება, სადაც სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.
მისი თქმით, მას ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით სერიოზული და აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. პეტრიაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს წინა ხელმძღვანელობასთანაც ჰქონდა კონსულტაციები და აღნიშნა, რომ გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებული იყო.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ და სერიოზულად ვართ ჩართულები მოლაპარაკების პროცესში, როგორც ნატოს ისე ევროკავშირის წარმომადგენლებთან. გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები მაღალი დონის დელეგაციასთან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ. მათთანაც გვქონდა კონსულტაციები, სადაც შევთანხმდით, შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზე“, - განაცხადა პეტრიაშვილმა
ამასთან, მინისტრის თქმით, გეგმაში მათი მუშაობის თითოეული დღე და თვე არის გაწერილი, რომელიც მოიცავს როგორც ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულ, ასევე აქამდე არსებულ პროექტებს.
„ძველ პროექტებს დაემატება ახალი ღონისძიებები. გავაგრძელებთ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას ნატოსა და ევროკავშირთან და ამასთანავე, გავაგრძელებთ მათთან მოლაპარაკებების პროცესს. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დაფიქსირდება სერიოზული პროგრესი და მოლაპარაკების თვალსაზრისით, მიღწეული იქნება სერიოზული შედეგებისთვის“, - დასძინა პეტრიაშვილმა.