"საპრეზიდენტო ვადასთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა დღეს მაესტროს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის არჩევა 5 წლის ვადით ხდება, 5 წელი კი 5 იანვარს გადის, არჩევნების 2013 წლის ოქტომბერში ჩატარება კი საპრეზიდენტო ვადას რამდენიმე თვით ახანგრძილებს.
ამიტომ დავითაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ორ ნორმას შორის წინააღმდეგობა არსებობს, რაც შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
„ერთის მხრივ კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, მეორეს მხრივ კი, ამ კონსტიტუციის გარდამავალი დებულება ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. მე ვხედავ წინააღმდეგობას ორ მუხლს შორის და ბუნებრივია კოლიზია კონსტიტუციაში, ისე როგორც ნებისმიერ სხვა კანონში, ფრიად არასასიამოვნო მოვლენაა და ჩემი აზრით, გასწორებას მოითხოვს. ან ჩვენ 5 წლიან ვადას უნდა გადავხედოთ და ვთქვათ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება 5 წლით და რამდენიმე თვით განისაზღვრება, ან გარდამავალი დებულება ძირითად დებულებასთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ეს უბრალო კონსტიტუციონალიზმის ლოგიკაა.