ერდოღანი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იარაღის ჩაბარებას მიესალმა

ერდოღანი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იარაღის ჩაბარებას მიესალმა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იარაღის ჩაბარების ცერემონიას მიესალმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ქვეყნის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.

„გუშინდელი დღიდან, უბედურება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია დასრულების პროცესში შევიდა. დღეს ახალი დღეა; ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. დღეს დიდისა და ძლიერი თურქეთის კარი ფართოდ გაიღო,“ - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, თავისი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრებთან შეხვედრაზე.

მისვე თქმით, ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა ერი გააერთიანა და ახლა განიარაღების პროცესის დასრულებისთვის აუცილებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში გადამწყვეტი როლი პარლამენტს ექნება.

პარასკევს ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ერაყში, ერთ-ერთ გამოქვაბულთან საკუთარი იარაღი დაწვეს, რაც თურქეთთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულისკენ სიმბოლურ, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.