სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელზე მიმართვა შეიმუშავეს.
მიმართვა მედიის წარმომადგენლებს იურისტმა ლალი აფციაურმა გააცნო, სადაც აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის განხილვას ითხოვენ.
„ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტმა კანონით დადგენილი წესით სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილოს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ რეზო ამაშუკელი და დემურ გიორხელიძე, ნანა დევდარიანი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ელიზბარ ჯაველიძე, თემურ ქორიძე, ია მუხრანელი, ლალი მოროშკინა, ჯემალ სეფიაშვილი, ირინა ფუტკარაძე, ნინო ციხისთავი, გიორგი ხუციშვილი, ჯაბა ხუბუა, ვახტანგ ხარჩილავა, ირმა ჭკადუა და სხვები.