"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის არსებული სახით დამტკიცებას დაუშვებლად მიიჩნევს. ამ საკითხთან დაკავშირებით „აფბა“-ს წარმომადგენლებმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.
ბრიფინგზე ორგანიზაციამ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა ბიუჯეტის იმ პროექტის მიმართ, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად უკვე გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, დაუშვებელია.
ახალგაზრდა ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ პროექტში არსებობს ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც გამჭვირვალე, პროგრამული ბიუჯეტის ცნებასთან და გაცხადებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ მოდის. ამიტომ მათი აზრით, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, მთელი რიგი თვალსაზრისით გაცილებით გაუარესებულია, ვიდრე 2012 წლის ბიუჯეტის კანონი იყო.
„გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც უფრო გაუმჭვირვალე, ნაკლებად პროგრამული და ადმინისტრაციული ხარჯებით უფრო „დამძიმებული“, ვიდრე 2012 წელს იყო, შესაბამისად ჩვენ, ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ მისი დღეს არსებული ფორმით დამტკიცება დაუშვებელია“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტები და ბიზნესმენები.
რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს, აფბაში აცხადებენ, რომ 2013 წელს პრიორიტეტები თითქმის უცვლელი რჩება და ძირითადი აქცენტი კვლავ სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნება გადატანილი.
მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წინა წელთან შედარებით დაფინანსება მცირედით იზრდება და 146 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სისტემაზე ბიუჯეტის არსებული პროექტით 649 მილიონი ლარი გამოიყოფა. თავდაცვის ხარჯები 670 მილიონი ლარით განისაზღვრება, საზოგადოების წესრიგის უზრუნველყოფაზე 874 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 63 მილიონი ლარით მცირდება ჯანდაცვის დაფინანსება და 2013 წლისთვის ამ სფეროზე არსებული პროექტით 167 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სოციალურ დაცვაზე მოდის, რომლის ბიუჯეტიც 507 მილიონი ლარით იზრდება და 2.28 მილიარდ ლარს შეადგენს.
„მთავრობის მიერ შედგენილი მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა 7 მლრდ 234 მლნ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 2,5%–ით აღემატება. შემოსავლების 93% საგადასახადო შემოსავლებზე მოდის და მისი მოცულობა 6,73 მილიარდი ლარია. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა კი შემდეგია: საშემოსავლო გადასახადიდან გათვალისწინებულია 1,58 მილიარდი ლარის მობილიზება, მოგების გადასახადიდან – 994 მილიონი ლარის, დღგ–დან – 3.32 მილიარდი ლარის, აქციზის გადასახადიდან – 670 მილიონის და იმპორტის გადასახადიდან 125 მილიონი ლარის. საბოლოო ჯამში საგადასახადო შემოსავლები 430 მილიონი ლარით იზრდება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვის შედეგად გამოყო რამდენიმე ხარვეზი, პრობლემა და ახალ პარლამენტს და მთავრობას მათი გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
„აფბამ“ ყურადღება რამდენიმე ძირითად მომენტზე გაამახვილა. მათ შორის:
ბიუჯეტის პროგრამულობის ხარისხზე, ადმინისტრაციული ხარჯების მაღალ დონეზე, გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტზე, ცენტრალიზაციის გაზრდილ დონეზე, შემცირებული საბიუჯეტო შემოსულობებისა და გაზრდილ გადასახდელებზე, გაბერილ საბიუჯეტო ფონდებზე, საგარეო ვალის მომსახურების მაღალ დანახარჯებზე და ინფლაციურ ბიუჯეტზე.
„აფბა“ აღნიშნილი პრობლემებისა და ხარვეზების რეკომენდაციის სახით პარლამენტში წადგენას აპირებენ. მათ განმარტებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის გაცილებით სრულყოფილ და მისაღებ ფორმას მივიღებთ.