საქართველოს რკინიგზის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ეზუგბაიას განცხადებით, ის საქართველოს არ ტოვებს და მზადაა, მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხი აგოს.
„რამდენიმე შემოთვაზება მაქვს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. ბუნებრივია, არჩევანს გავაკეთებ იმ შემოთავაზებაზე, რომელიც ჩემთვის ფინანსურად უფრო მომგებიანია, თუმცა ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვრჩები საქართველოში და მინდა, ცოტა ხანი დავისვენო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაია განმარტავს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში, რკინიგზას არცერთი უკანონო გადარიცხვა არ განუხორციელებია და ის არის კომპანია, რომლის დაფინანსების ობიექტს, მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი პროფილის მქონე პროექტები წარმოადგენდა.
რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებით, მას თანამდებობიდან გადადგომის ორი მიზეზი ჰქონდა.
პირველი ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაა, ხოლო აქვე აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი ხელისუფლების ცვლილებამაც ითამაშა.
ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება თავისუფალ რეჟიმში შეარჩიოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და დააკომპლექტოს მენეჯმენტი.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, მისი გუნდი ყოველთვის ებრძოდა კორუფციას.
„კორუფცია არის ისეთი პრობლემა, რომელსაც თუ გასაქანს მისცემ, შეიძლება, სისტემა ჩამოგეშალოს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით ჩვენს თანამშრომლებს, რომ ამისგან შორს ყოფილიყვნენ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.