კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული ის ვერსია, რომ ქვეყანაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
რის გადაფარვას ცდილობენ „ნაციონალები“ პარლამენტში, მიდის თუ არა ხელისუფლების კვალი დევნილებისა და მუშების გაფიცვებთან და რომელ პარლამენტარებზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები? From.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის ახალი კაბინეტი ვადებისა და დაპირებების კონკრეტიკისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა და წინასაარჩევნო დაპირებებიც შეახსენა, რომლებმაც ახალი მთავრობის გეგმებში ცვლილებები განიცადეს. რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ახლადდანიშნული მთავრობის კრიტიკა, რომელიც მხოლოდ გუშინ გახდა უფლებამოსილი?
- როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, იმედს ვიტოვებ და მაქვს საფუძველი განვაცხადო,რომ ახალი მთავრობა დაპირებებს აუცილებლად შეასრულებს და გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე საარჩევნო დაპირებები გახლდათ . „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განსაკუთრებით ორ რამეს აქცევდნენ ყურადღებას-ვადებს და დაპირებების კონკრეტიკას. ჩემთვის მისაღებია დაპირებების ის ფორმა, რისი დემონსტრირებაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა, როდესაც ის კონკრეტიკას თავს არიდებდა.
ჩვენ ამ წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ მსგავს დაპირებებს, რომ 4 ან 5 წელიწადში მივიღებთ მილიონ სამუშაო ადგილს, რომ აუცილებლად დავბრუნდებით 1 იანვარს ან 8 მარტს სოხუმში და .ა.შ. ახალმა პრემიერმინისტმა თავისი მუშაობის სტილი აჩვენა ანუ ის ჰპირდება რომ ამდენი ან ამაზე მეტი იქნება პენსია, სამუშაო ადგილი და ა.შ. ეს ნიშნავს,რომ პროცესის მიხედვით იქნება ეს ყველაფერი განსაზღვრული და არა დღევანდელი გადმოსახედიდან. როდესაც ახლადდაკომპლექტებული მთავრობას ჯერ არ უნახავს ბიუჯეტი, არ უნახავს რა ხელისშემშლელი პირობები შეიძლება არსებობდეს, არასერიოზული იქნებოდა მათი მხრიდან კონკრეტული ციფრების დასახელება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერაფრით გავარკვიეთ 2 მილიარდია ბიუჯეტში დარჩენილი თუ 200 მილიონი ლარი. თებერვალ-მარტში ან აპრილში რომ მოსთხოვოს ქართულმა საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას შედეგები, სწორი იქნება, ჯერჯერობით კი ვფიქრობ, ნაადრევია.
რამდენად პროფესიონალურია დღევანდელი მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ძალიან ეპარებათ ეჭვი მათ კომპეტენტურობაში.
-მათი უმეტესობა კომპეტენტურია და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მჯერა. ზოგიერთი მათგანის, თუ შეიძლება ითქვას პირდაპირი პროფესიონალიზმი, არაფრით არის არგუმენტირებული და ამ შემთხვევაში, ყოველთვის საუბრობენ კახი კალაძეზე.
კალაძე წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, ზოგიერთი თავისი კოლეგისგან განსხვავებით, ის სასტუმროების, რესტორნების და საბანკო სექტორის წარმატებულ ქსელს ფლობდა, ამიტომ იყო რომ იტალიელი პარტნიორები მას ინვესტიციებს ანდობდნენ, გავხსენეოთ „არსენალის“ საქმე. შემომედავებიან, რომ ენერგეტიკა და ამ სახის ბიზნესი აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა მენეჯერის მონაცემები კალაძეს აქვს და ვფიქრობ, რომ ის შეძლებს დაკისრებული საქმის შესრულებას.
კიდევ ვიმეორებ, თუ აპრილ-მაისში დავინახეთ, რომ საქმე არ გამოდის, მაშინ შეგვეძლება პასუხი მოსთხოვო მათ. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ლიდერის ნათქვამს თავს უქნევენ. ამ ეტაპზე ამ ჯგუფის კრიტიკას აზრი არ აქვს, რადგან ჯერ მუშაობა არ დაუწყია. თუ დავინახეთ, რომ ისინი საქმეს ვერ აკეთებენ, ერთ-ერთი პირველი მე ვიქნები, ვინც ხმას ამოიღებს და შესაბამის შეფასებას მისცემს ამ ყველაფერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს რაც შეეხება, ანდაზის არ იყოს, „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს ვინც იწველებოდესო“. ადამიანები გამოდიან განცხადებებით, რომლებმაც გინდა ეკონომიკური, გინდა ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებები ჩააგდეს, ახლა გამოდიან და სხვებს უსვამენ კითხვებს, თავისი დანაშაულის, შეცდომას არ ვლაპარაკობ, დანაშაულის გადაფარვის მიზნით.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ დევნილები, რომლებიც შენობებში იჭრებიან. ივანიშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ დევნილთა პროტესტი ორგანიზებულია და კვალი ხელისუფლებისკენ მიდის. შეიძლება თუ არა შევაფასოთ ეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის მცდელობა?
- ეს აქტიურობები, რომლებიც ბოლო დღეებში დაიწყო-პორტშიც, რკინიგზაშიც, დევნილების შეჭრები, ამ ყველაფერს ორგანიზებულობის სუნი უდის. ამ ადამიანებმა შეიძლება არც იციან, რომ ვიღაც მათ იყენებს. მართალია, ამ ადამიანების პრეტენზიები ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ეს ყველაფერი ახდენს სტაგნაციას გარდმავალი პერიოდისას, რადგან საქმეში გარკევის საშუალებას არ იძლევა.წარმოიდგინეთ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ვინმე რომ შევარდნილიყო მერიაში, რა ამბავი ატყდებოდა, იქ იქნებოდა სრულიად საქართველოს სოდი, კუდი და ა.შ. სწორედ მერიის დღევანდელი პოზიცია მაფიქრებინებს იმას, რომ ეს არის ორგანიზებული და ვიღაცამ ეს ადამიანები თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და რასაკვირველია, ამ ყველაფერს საბოტაჟის ელფერი აქვს.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათი პრეტენზიები ჩემთვის გასაგებია, თუმცა, რამდენად მისაღებია, ეს სხვა საკითხია. ყველაფერი უნდა გაირკვეს. არ ვიცი,მაგალითად, რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს მერიაში იმყოფება.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებმა, რიტორიკამ და გამოსვლის ფორმებმა საზოგადოება გააღიზიანა, განსაკუთრებით მათმა, ვიზეც უახლოეს მომავალში, არ არის გამორიცხული,სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას. სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო არჩევნების ხელმეორე ჩატარების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა. რამდენად შესაძლებელია ეს ვერსია?
-ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა, ილაპარაკონ შეტევის პოზიციიდან, რათა გადაფარონ თავიანთი დანაშაული. საპარლამენტო ცხოვრება დალაგდება, „ნაციონალების“ რიტორიკისთვის რამდენიმე ადამიანია პარლამენტში პასუხის გამცემი, მაგალითად, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, რაც გუშინდელმა სხდომამაც დაადასტურა.
რაც შეეხება განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს. მინდა აქ პარალელი გავავლო პროცესებთან, რომლებიც მსოფლიოში ხდებოდა. მაგალითად, ჩილეში, როდესაც მოინდომეს ხელისუფლების შეცვლა ალენდეს დროს, მოაწყეს გადამზიდავი მანქანების მძღოლების გაფიცვა. ჩილე გეოგრაფიულად გაწელილი ქვეყანაა და სწორედ ამ გადამზიდავი მანქანების საშუალებით ხდებოდა მიყრუებული რაიონების მომარაგება. მათმა გაფიცვამ ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და ალენდეს ხელისუფლების დამხობა გამოიწვია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიში არსებობს იმის მაგალითები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურის სფეროების პარალიზებით, რაღაცის მიღწევა შეიძლება. მინდა ფხიზლად იყოს ახალი მთავრობა, თუმცა, ვიცი რომ ახალი პრემიერი კრიზისულ სიტუაციაში უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში.
რაც შეეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამას არ გამოვრიცხავ. ჩემთვის, სულ მცირე 8 დეპუტატია ცნობილი, რომელთა სახელებს და გვარებს , უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
მათი სახელები ნამდვილად ვიცი. ისინი არა მარტო იმისთვის უნდა დაისაჯონ, რომ არჩევნები ტოტალურად გააყალბეს, არამედ იმიტომ, რომ ჩადენილი აქვთ უამრავი ეკონომიკური თუ კრიმინალური სახის დანაშაულებები. როდესაც გამოძიება დაიწყება, სულ ერთ ან ორ თვეში გახდება ცნობილი, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ დაინიშნოს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს.