საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტები არ შეიცვლება.
მისი თქმით, როგორც ცენტრალურ აპარატს, ისე დიპლომატიურ მისიებს არავითარი პარტიული დავალების შესრულება არ მოუწევთ და ყველას კომფორტული სამუშაო პირობები ექნება.
ფანჯიკიძე სამინისტროს თანამშრომლებს დღესვე შეხვდება და უახლოეს დღეებში გადასაწყვეტ თემებს განიხილავს.
„საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ ითქვა, რომ საჯარო მოხელეებს სამსახურის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეთ. პირიქით, ისინი უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, რადგან არავინ დაავალებს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. როდესაც ელჩი ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ თავი საქართველოს ელჩად მიმაჩნდა და სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო მომიწია სამი წლის წინ დიპლომატიური სამსახურის დატოვება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, საგარეო პრიორიტეტები არ შეიცვლება და ეს იქნება ევროკავშირ, ნატო, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან, კეთილმეზობლური ურთიერთობები მეზობლებთან და დიალოგის დაწყების მცდელობა რუსეთთან.
„ იქნება ეს პირდაპირი გზით, თუ საერთაშორისო თანამეგობრების დახმარებით, ეს ის დეტალებია, რომლებიც ცოტა ხანში გაირკვევა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.