სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროში უკვე მივიდა. სუბარი მინისტრის რანგში სამინისტროს თანამშრომლებს პირველად შეხვდა. იგი ასევე შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს.
ახლად დანიშნულმა მინისტრმა საკუთარ კაბინეტში შესვლისას, კედლიდან საქართველოს პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა.
მისი თქმით, ამით მას სურს გაიტანოს ყველა ის სიმბოლო, რომელიც წარსულთან ასოცირდება. „სააკაშვილმა საქართველო ერთ დიდ საპატიმროდ გადააქცია, სადაც ყველას უსმენდნენ, ყველას აკონტროლებდნენ, სადაც ყველას ეშინოდა, სადაც თავისუფლად სუნთქვა იყო შეუძლებელი. საპატიმროები იყო ამ სისტემის ნაწილი. ეს მახინჯი სისტემა უნდა ამოვშანთოთ ჩვენი ტვინებიდან. მართლა უკვე ყველას გონებაში აქვს. ადამიანებს ქუჩაში უხარიათ, რომ თავისუფლები ვართ. თითქოს ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან. ეს ტვირთი უნდა მოვიხსნათ ჩვენ და ეს სიმბოლოებიც გავიტანოთ გარეთ“,- განაცხადა სუბარმა.
სუბარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ან პრემიერის სურათის ჩამოკიდება მიზანშეწონილი არ არის და არ აპირებს ვინმეს სურათის ჩამოკიდებას, თუ იგი განსაკუთრებული ადამიანი არ არის წარსულიდან.
„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უზარმაზარი საქმე. კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იგი არ გამოიხატება სურათების ჩამოკიდებაში“, - განაცხადა სუბარმა.
ახალმა სასჯელაღსრულების მინისტრმა პირველი თათბირი უკვე გამართა. გაეცნო დეპარტამენტებსა და კონკრეტულ დოკუმენტებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, მისი მოადგილეები იქნებიან: გიგა გიორგაძე და სოფო ჯაფარიძე, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისში მასთან ერთად მუშაობდნენ.
სუბარი გეგმავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონახულებას და იმ ადამიანების პასუხისგების საკითხის დასმას, რომელთა გამოც, სისტემაში წესრიგი არ არის.