საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქრურის მინისტრი დავით ნარმანია სამინისტროში უკვე მივიდა.
ნარმანიას განცხადებით, პირველი დღე ტექნიკური ხასიათის იქნება და აღნიშნა, რომ დღეს ის სამინისტროში არსებულ ვითარებას გაეცნობა და უწყების თანამშრომლებს შეხვდება.
მისი თქმით, დღეს ასევე შეხვედრა გაიმართება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან და როგორც ნარმანია აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ, მსოფლიო ბანკია ინფრასტრუქტურული პროექტების დონორი, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგანაც ვეცნობოდი სხვადასხვა სამსახურის საქმიანობას და ინფორმაციებს, გარკვეული კითხვები გამიჩნდა და ეს კითხვები დაზუსტდება. ასევე შეხვედრა გვექნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობასთან და მათ დელეგაციასთან, სადაც სამომავლო საქმიანობის გეგმებზე ვისაუბრებთ.
აუცილებელია, სამუშო ჯგუფთან და სხვადასხვა სამსახურებთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა სამომავლო საკითხებზე. არის სამართლებრივი საკითხებიც საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მომზადება, რეორგანიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფზე ჩამოყალიბება და აშ.
ასევე, მე დღეს, წარვადგენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურას, რომელიც ჩემს მიერ, უახლოეს დღეებში დაინიშნება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმითვე, იგეგმება სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ნარმანიას განცხადებით, გზებთან, წყალმომარაგებასთან და რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ხოლო, რაც შეეხება, რეგიონულ პოლიტიკას და ადგილობრივ თვითმართველობას, ამ საკითხებს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი სააგენტო შეიწავლის.