სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი რევაზ კოტიაშვილი  საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი რევაზ კოტიაშვილი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

რუსეთში მცხოვრები პოლიციის პოლკოვნიკი რევაზ კოტიაშვილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მისი საქმის ხელახლა განხილვის თხოვნით მიმართავს. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი 2004 წლიდან რუსეთში იმყოფება.

მათივე ცნობით, კოტიაშვილის განცხადებით, იგი არის პოლიციის პოლკოვნიკი, 2004 წლამდე მუშაობდა გორის პოლიციის სამმართველოს უფროსად.  მას ხელისუფლებამ დაავალა მკვლელების ციხიდან გაშვება, რაზეც უარი განაცხადა და ამის შემდეგ დაიწყო მისი დევნა.

კოტიაშვილის განმარტებითვე, ის ფლობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებას და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობას.

„2006-2007 წლებში რევაზ კოტიაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს 6 წელი. ახალი ხელისუფლების პირობებში, ის დარწმუნებულია რომ მოახერხებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას და უახლოეს დღეებში მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს“, - აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, კოტიაშვილი აპირებს  თხოვნით მიმართოს შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს, რათა არ მოახდინონ მისი დაპატიმრება საქმის ხელახალ განხილვამდე.

„რევაზ კოტიაშვილი აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რეზონანსულ საქმეებზე და სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.