ირაკლი ალასანია: საქართველოს ძალიან მალე  მობილური  და  სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე შეიარაღებული ძალები ეყოლება

ირაკლი ალასანია: საქართველოს ძალიან მალე მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე შეიარაღებული ძალები ეყოლება

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირველივე დღიდან დაიწყებს  იმ პროგრამის განხორციელებას,  რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტს გააცნო.   ალასანია ახლებური მიდგომით ახალი დოქტრინის შემუშავებას იწყებს.

„ჩვენ გვეყოლება არმია, რომელიც საერთაშორისო გამოწვევებს გასცემს პასუხს. მემკვიდრეობა მძიმეა,  რადგან თავდაცვის უწყებაში იყო პიროვნებების ღირსების შემლახავი საქციელი, საფინანსო სისტემაში სრული ქაოსი და ა.შ. მე პირობას ვდებ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით,  საქართველოს ძალიან მალე  მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე შეიარაღებული ძალები ეყოლება.

„როდესაც ჩვენი ღირებულებები გავაცანით საზოგადოებას,  ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გვქონდა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის  უკანონო შეიარაღებული ძალების გაყვანა ანუ დეოკუპაცია. ჩემი აზრით,  ჩვენ რეალურად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ, ის რესურსი,  რაც არ გააჩნდა წინა ხელისუფლებას. დეოკუპაციის პროცესში არ იქნება გამოყენებული რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალები. აქ გამოყენებული იქნება დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი,  აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი ძმური ურთიერთობის აღდგენა.

ჩვენ მზად ვართ,  ასეთი ურთიერთობა განვაახლოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ადამიანურ ურთიერთობებს გავცდებით,  ვერანაირი სხვა ბარიერი ამას წინ ვერ აღუდგება. მე ვიწყებ ახლებური მიდგომით ახალი დოქტრინის შემუშავებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვმუშაობ და რომელსაც საზოგადოებას მალე გავაცნობთ“, - განაცხადა  ალასანიამ.