უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დღევანდელ პლენარულ სხდომას უფრო მნიშვნელოვანს უწოდებს, ვიდრე მთავრობის დამტკიცებას. ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს პარლამენტი არის ლაკმუსის ტესტი იმისა, თუ რამდენად მოახერხებს ქართული საზოგადოება გამთლიანებას და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევას.
ბაქრაძის თქმით, სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება საუბარი და ოპონირება იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან მისი თქმით, ეს სრულიად ბუნებრივია იმაზე საუბარი, რასაც საზოგადოება ინტერესით ელოდება .
„თუ ოდესმე ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა ქართული პარლამენტი და ქართველი პარლამენტარები, დამერწმუნეთ, რომ ეს არის დღეს. იმიტომ რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, სირთულეებისა და ოპონირებისა, თუ კი ჩვენ მოვახერხეთ დღეს იმის დემონსტრირება, რომ ვისხდეთ ერთ დარბაზში და ერთ საქმეზე ვისაუბროთ, ეს იქნება ყველაზე პოზიტიური სიგნალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუგზავნოთ საზოგადოებას. სწორედ ამით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე“, - განაცხადა დეპუტატმა.
ბაქრაძის შეფასებით, სამწუხაროდ, პირველი დებატი რეგლამენტით ყველაზე რთულ თემას - მთავრობის დამტკიცებას დაეთმო, სადაც მისი თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება ყოველთვის პიკს აღწევს.
ბაქრაძის განმარტებით, ქვეყანაში უკვე ახალი რეალობაა, თუმცა აცხადებს, რომ ამას აქვს ორი შემადგენელი ნაწილი.
„პირველი ეს არის, რომ ჩვენ - მმართველმა გუნდმა უმრავლესობიდან უმცირესობაში გადავინაცვლეთ, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის უმეტესმა ნაწილმა ამ არჩევნებში ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და დღეს ეს არის ის ძალა, რომელიც უკვე ხელისუფლებაშია. მაგრამ ამ რეალობას მეორე ნაწილიც აქვს, ეს არის ის, რომ უმრავლესობამაც უნდა გააცნობიეროს რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მათ. საბოლოოდ, ორივე მხარემ უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩეველი ერთ ქვეყანაში ცხოვრობს და თუ არ ვაჩვენეთ მათ ერთად ყოფნის მაგალითი, ძალიან რთულია მათგან ველოდოთ იმას, რასაც ველოდებით. ჩვენ კი ველოდებით რომ სახელმწიფო გააგრძელებს ცხოვრებას კონფლიქტების, არეულობის, დაძაბულობისა და პრობლემების გარეშე“, - განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, ბაქრაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ის რადიკალური პოზიციები, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად ან ყველაფერი ცუდად იყო. მისი თქმით, ქვეყანაში იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ არც ცუდად არ იყო ყველაფერი და ქვეყანა ისეთი არ იყო, როგორც 10 წლის წინ.
„ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე, მაგრამ ამ ჭიქაში ნამდვილად არის წყალი, განსხვავებით იმ დროისა, როცა ჩვენ ეს ჭიქა ცარიელი ჩავიბარეთ და ამ წყალს თქვენ გიტოვებთ. უკვე თქვენი ამოცანაა რომ ეს ჭიქა გაავსოთ ბოლომდე და ხალხი და ქვეყანა იყოს უკეთესად“, - აღნიშნა ბაქრაძემ.