„თელასის“ თანამშრომლებმა აქციები შეწყვიტეს

„თელასის“ თანამშრომლებმა აქციები შეწყვიტეს

კომპანია „თელასის“  გაფიცულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.

გამართულ აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით,  მომიტინგეების ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

„ყველა ჩვენი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან, ასევე გზის ხარჯებთან, პრემიალურ სისტემასთან და მორიგეობასთან დაკავშირებით შეთანხმებულია. დარჩენილია ბიუროკრატიული პრობლემები ზურაბ არსოშვილის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნული პრობლემაც სამშაბათამდე გადაწყდება“- განაცხადა  პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრობის ორი კანდიდატისგან პირადად მიიღო გარანტიები, რომ ზურაბ არსოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდება.

თუმცა პეტრიაშვილს არ დაუკონკრეტებია თუ მინისტრობის რომელ კანდიდატებისგან მიიღო მან გარანტიები.

ირაკლი პეტრიაშვილმა მომიტინგეებს მოუწოდა რომ აქციები ამ ეტაპზე შეწყვიტონ და გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანის საქართველოში დაბრუნებას დაელოდონ.