უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ის ნამდვილ ოპოზიციონერ კოლეგებს, თუკი მათი ხმა რომელიმე სტრუქტურამდე ვერ მიაღწევს გვერდით დაუდგება და მათი ხმის დამცველი იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ოპოზიციონერობას თამაშობენ და რომლებსაც ხელისუფლებში ყოფნისას , დანგრევის მეტი არაფერი გაუკეთებია, მათსას ვერც ოპოზიციონერობას იწამებს და ვერც გვერდით დაუდგება.
"ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ამ დროის განმავლობაში თქვენ, ეს ქვეყანა გამრუდებულ სარკედ აქციეთ. ერთი იყო, ის მოგონილი სტატისტიკა, რომელიც უცხოეთში დაანახეთ საზოგადოებას და მეორეა , ის სინამდვილე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. გეცინებათ, გეღიმებათ, დარწმუნებული ვარ, სიმწრის სიცილი ნამდვილად გექნებათ. ხომ არ გგონიათ, რომ მანდატები, რომლებიც აიღეთ, თქვენ მართლაც დაიმსახურეთ? ეს დაიმსახურა გაყალბებულმა სისტემამ, რომელიც წლების განმავლობაში დანერგეთ. სანამ პოლიტიკაში ვიქნები, ვერ მივცემ თავს უფლებას არ შევცვალო ის სისტემა, რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია", - განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძის თქმით, მან ოპოზიციიდან ყველა არჩევნები მოიგო და და აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნებში მოგებულ მანდატზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ეს ზნეობის მაგალითი იყო.
"ვნახე, რომ არჩევნები მთლიანად გაყალბებული იყო. დავდე მანდატი და გავედი პარლამენტიდან. კი, ეს პოლიტიკურად ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს იყო ზნეობის მაგალითი, რომელიც მინდოდა საზოგადოებას დაენახა. საზოგადოებამ დაინახა, თქვენ ვერ დაინახეთ", - განაცხადა საგანელიძემ უმცირესობის წევრების მისამართით.