ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელი შევა.
მისი თქმით, ზუგდიდის ყოფილი საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მისი ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძვრება.
ამავე მუხლით სარჩელი ზუგდიდის საოლქო პროკურატურის პროკურორის, რომეო საჯაიას და ზუგდიდის მოსამართლის, დავით კეკენაძის წინააღმდეგაც შევა.
მირიან ნიკოლაძის განმარტებით, საუბარია ზუგდიდის ცენტრში მდებარე უნივერმაღის - „ენგურის“ საქმეზე, რომელიც კანონიერ მფლობელებს როალანდ ახალაიას პირადი დაინტერსების გამო ჩამოერთვა.
გარდა ამისა, საქმესთან კავშირში მყოფი სამი ადამიანი უსამართლოდ გამოტანილი განაჩენების გამო, ძებნაში იმყოფება.
ადვოკატის თქმით უნივერმაღის შენობა 2006 წელს ხათუნა კაკაჩიამ და დავით როგავამ აქციონერებისგან საჭირო პროცედურების დაცვით, 300 000 აშშ დოლარად შეიძინეს. ამ მომენტისთვის ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო და ეს იურიდიულად დადასტურებულია.
„მას შემდეგ, რაც ქონების გასხვისების შესახებ როლანდ ახალაიასთვის გახდა ცნობილი, მისი დავალებით ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, მირანდა ჯინჯოლავასა და ორი იურისტების - თამაზ ქანთარიას და თორნიკე ცხადაიას წინააღმდეგ, საქმე უკანონოდ შეძენილი ქონების გასხვისების ბრალდებით აღიძრა და თითოეულ მათგანს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული განაჩენი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და უკანონო იყო, შედეგად კი, სამივე ადამიანი დღემდე ძებნაშია“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ
რაც შეეხება უნივერმაღ „ენგურს“, ადვოკატის თქმით, ეს ობიექტი დღემდე არ არის გაფორმებული კანონიერ მფლობელებზე - ხათუნა კაკაჩიასა და დავით როგავაზე.
„ქონება კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა ნიკოლაძემ.