"უმცირესობაში არის დეპუტატი, რომელიც პატიმრების წამებასა და გაუპატიურებაში მონაწილეობდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუმცა მას კოლეგის გვარი არ დაუსახელებია.
დავითაშვილმა აღნიშნული განცხადება უმცირესობის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობაში არის დეპუტატი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„თქვენს რიგებში არის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პატიმრების წამებასა და გაუპატიურებაში ", - მიმართა კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.
მისივე თქმით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მორალური უფლება არ აქვს, ახალ სახელისუფლებო გუნდს დაპირებები შეახსენოს და ამასთანავე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მათი შეუსრულებელი დაპირებებიც გაახსენა.
"ანაბრები დააბრუნეთ? 100 დოლარიანი პენსია გაეცით? მცირე მეწარმეები გაათავისუფლეთ გადასახადისგან? ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ? თქვენ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს მიხედეთ", - მიმართა დავითაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
მისი თქმით, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ის თანხები, რაც ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა, იმერეთის რეგიონის პრობლემებისთვის რომ დაეხარჯა, ყველა მათგანი გადაიჭრებოდა