საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები. „ უფასო ტრაქტორი, მოხვნა და უფასო პროდუქტის აღება და ბაზრამდე მიტანა მოხდებოდა არჩევნებში გამარჯვებისთანავე და სწორედ ახლა ელოდება გლეხი საშემოდგომო ხვნა-თესვის დაწყებას, თუმცა სახეზეა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა“,-აღნიშნა ღვინიაშვილმა.
ღვინიაშვილის განცხადებას დარბაზში უმრავლესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. „მე არ ვლაპარაკობ სისულელეს!“,-დაიცვა თავი ღვინიაშვილმა.
„გუშინ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დაადასტურა, რომ ეს პროგრამა ამოქმედდება გაზაფხულზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გააზრებულად დაითვლება, თუ რა ჯდება ეს ყველაფერი, გაზაფხულამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და იმედი მაქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩვენს ქვეყანაში შემოვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ასეულობით ათასი გლეხი არ დარჩება გაწბილებული და ეს დაპირება ასრულდება“,-განაცხადა ღვინიაშვილმა.
გიორგი ღვინიაშვილი ასევე შეეხო კახეთში სტიქიით დაზარალებულ ადამიანთა ოჯახებს და მათ კომპენსაციებს. ამ განცხადებასაც ასევე ხმაური მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან. „დამაცადე, კაცო, შენ ვინა ხარ, ვერ გავიგე!“-სცადა „ქართული ოცნების“ წევრების შეჩერება ღვინიაშვილმა. კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა კახეთში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები არ შეჩერდება.
„სტიქიიდან მეხუთე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა სტიქიით დაზარალებულ გლეხებს და აღუთქვა მათ დახმარება 4700 ლარის ოდენობით. თუმცა, სულ სხვა მიდგომა იქნა დაფიქსირებული გუშინდელ სხდომაზე. მან განაცხადა, რომ ის აპირებს ამ ზარალის ანაზღაურებას, თუნდაც ის ჯდებოდეს 50 000 ლარი. მინდა გაითვალისწინოთ, რომ წელს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იყო ლარი და ძალიან ბევრმა ადამიანმა ზუსტად 50 000 ლარის და მეტის ზარალიც მიიღო. მინდა რომ ეს ადამიანები გაწბილებულები არ დარჩნენ და ეს დაპირება შესრულდეს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტები არ შეჩერდება“,-განაცხადა ღვინიაშვილმა.