"ჩვენი გუნდის მიზანია რეალური თვითმმართველობის ამოქმედება და ეს წინასაარჩევნო პროგრამაშიცაა ასახული", - ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
როგორც ივანიშვილი აცხადებს, მართალია, თითქოს ეს პრეზიდენტის ინიციატივაა, მაგრამ მისი თქმით, პრეზიდენტიც და "ნაციონალური მოძრაობაც" წლების განმავლობაში სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა და დეცენტრალიზაციის ნაცვლად, მკვეთრად ცენტრალიზაცებული მმართველობის ვერტიკალს ქმნიდა.
"ჯერ კიდევ 2005 წელს საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა დეცენტრალიზაციის ინიციატივით, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ დაბლოკა ეს ინიციატივა და უარი თქვა მის განხორციელებაზე", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განმარტებით, მისი გუნდი თვიმმრთველობის ამოქმედებას ეტაპობრივად გეგმავს, რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის მართვის სრული დეცენტრალიზაციით დასრულდება.
მისი განცხადებით, თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილება, ფინანსები და საკუთრება. ასევე ივანიშვილის თქმით, მათ ეყოლებათ არჩევითი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
"ყოველ თვითმმართველ ერთეულში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, რომელსაც ექნება მოქალაქისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ფუნქციები. რამდენჯერმე გაიზრდება თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსავლები. თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება, მათ შორის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზირებული როგორც სასოფლო სამეურნეო, ისე არასასოფლო სამეურნეო მიწის რესურსების დიდი ნაწილი", - განაცხადა ივანიშვილმა.
ასევე მისი თქმით, პირველ ეტაპზე განისაზღვრება ყველა დასახლების, სოფლის, დაბისა და ქალაქის იურიდიული სტატუსი , რომელთაც მათ საკუთრებაში გადაეცემათ არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი მიწები, წყალი და უძრავი ქონება.
"ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით მოსახლეობასთან თანამშრომლობით შეიქმნება თემები. სუბსციდიორობის პრინციპის დაცვით დაინიშნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები. თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს კი ეყოლებათ არადანიშნული , არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი", - დასძინა ივანიშვილმა.