პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საჭიროა პროკურატურის დისტანცირება შს და იუსტიციის სამინისტროებისგან, რათა პროკურატურა არ იქცეს პოლიტიკური მიზნების შემსრულებლად.
„ჩვენი მიზანია პროკურატურისა და პოლიციის დეპოლიტიზირება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. პროკურატურის დეპოლიტიზირების მიზნით, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია იუსტიციის მინისტრის დისტანცირება პროკურატურისგან, რათა პროკურატურა მართლაც იქცეს კანონის დაცვის ხელშემწყობად და უზრუნველმყოფად და არა პოლიტიკური მიზნების შემსრულებლად.
საჭიროა შს სამინისტროს სისტემაში სერიოზული რეფორმების გატარება იმისთვის, რომ პოლიცია სამართალს ემსახუროს. შს და იუსტიციის მინისტრს ექნება სრული შესაძლებლობა განსაზღვროს პოლიტიკური კურსი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ისინი არ და ვერ უნდა ერეოდნენ უშუალოდ პროკურატურის საქმიანობაში“,-განაცხადა ხმალაძემ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭირო და აუცილებელია შეიცვალოს კონსტიტუციური სამართალწარმოების წესი, რადგან არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვის გადადება ორი და სამი წლით.
ვახტანგ ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზა.
„ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ბევრი ისეთი კანონია წარმოდგენილი, რომლის შესრულების შემდეგაც, ჩვენს თანამოქალაქეებს უფრო თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცემათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთავრობის მოქმედება არ იყოს უკონტროლო. მთავრობა მუდამ უნდა გრძნობდეს, რომ მას ყურადღებით უყურებენ. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, როცა მეორე ნაწილში მთავრობის კონტროლზეა საუბარი, ყურადღებით იქნება, მაგრამ პირველ ნაწილშიც, როდესაც ამ პროგრამის განსახორციელებელ საკანონმდებლო ბაზის შექმნაზეა საუბარი, იქაც არ გაემიჯნება უმრავლესობას და შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს იმ საქმეში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება“,-აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.