კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „მაქ სტოპის" დირექტორისა და მფლობელის, ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, ქაშიბაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მის კლიენტზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ზეწოლები განხორციელდა. მისი განმარტებით, ქაშიბაძე ავთო (ჭუტა) წერეთლის კაბინეტში დაიბარეს, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მას მხედველობა დაუზიანდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ქაშიბაძეს აიძულებდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. უარის მიღების შემდეგ მისი ტერორი დაიწყო, რის გამოც ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
„ქაშიბაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებით დაინტერესდნენ ბიზნესმენები ავთო(ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და მას დაუწყეს არარსებული ვალის - 650 000 დოლარის მოთხოვნა. ამასთან, ქაშიბაძეზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაშიც იგი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს – ირაკლი კირკიტაძეს, რომელიც დავით კირკიტაძის ნათესავია და ვინმე ფხალაძეს, ასევე კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძეს იგივე "მასტერას" ადანაშაულებს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას ცნობით, ამ საქმეში ირიბად ჩართული იყო მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც მინდია ქაშიბაძის მტკიცებით, ავთანდილ წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისგან ჭუტა წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ.
ამასთან, მიხეილ მაჭავარიანმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია მინდია ქაშიბაძეს.
გაბუნია აცხადებს, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება თითქოს ის არასდროს შეხვედრია მინდია ქაშიბაძეს, სიცრუეა. მისი თქმით, არსებობს უტყუარი ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს მიხეილ მაჭავარიანის სიცრუეს.
„გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს, რომ კომპანია "მაქსტოპის" პრეზენტაციაზე მიხეილ მაჭავარიანი და მინდია ქაშიბაძე გვერდიგვერდ დგანან. იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო მინდია ქაშიბაძის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კრიმინალურ ქმედებას საკადრისს პასუხს გაცემს", - აღნიშნავს დიმიტრი გაბუნია.
მინდია ქაშიბაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გეგმავს პროკურატურაში სარჩელის შეტანას დაყველა დასახელებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს. მისივე თქმით, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის, ირაკლი კირკიტაძის და ლევან ფხალაძის წინააღმდეგ, აგრეთვე მათი წამქეზებლის ავთო (ჭუტა) წერეთლის მიმართ.
მისივე განცხადებით, ქაშიბაძეს გააჩნია მასზე ზეწოლისა და წამების დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ გახმაურდება, თუმცა ისინი აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს მტკიცებულების სახით.