ოფიციალური ქაიროს ინფორმაციით, ბენღაზში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის მკვლელი მკვდარია. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, სამართალდამცავებთან შეტაკებისას ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის და ელჩის სიკვდილში მონაწილე ხაზემი დაიღუპა.
ეგვიპტელი სამართალდამცველები რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ბინას, სადაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმალებოდა. დღეს დილით მათ ბინაში შეღწევა სცადეს. ხაზემმა მათ ყუმბარა ესროლა, თუმცა ბომბმა აისხლიტა და უკან, ბინაში შებრუნდა.
ამის შემდეგ გაჩაღდა ორმხრივი სროლა, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა. სროლამ ხანძარი გამოიწვია. როდესაც სამართალდამცავები დამწვარ ბინაში შევიდნენ, იქ გვამი, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
ეგვიპტის მასმედიის ინფორმაციით, ხაზემი სინას ნახევარკუნძულამდე ჩაღწევას ცდილობდა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ტერორისტთა თავშესაფრად იქცა.