კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობა და მათი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი 2008წლის მოვლენების განხორციელებაში დაადანაშაულა.
„ის, რაც 2008 წელს მივიღეთ, თქვენი და თქვენი მთავარსარდლის სააკაშვილის მონაწილეობით მოხდა. ნორმალური ხელისუფლება რომ გვყოლოდა, ეს არ მოხდებოდა. თუ მიზეზად ასახელებთ რომ რუსეთი ამისთვის წლობით ემზადებოდა, მეტს გეტყვით, საუკუნეების განმავლობაშიც კი ემზადებოდა, მაგრამ რაც ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლო, მოეხერხებინა თქვენმა ლიდერმა. პროვოკაციის საფუძველზე თქვენ მას მიეცით ამის შესაძლებლობა და მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა ივანიშვილმა.
უმცირესობის წევრებმა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ პაატა ზაქარეიშვილისა და მამუკა არეშიძის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო, პრემიერმინისტრობის კანდიდატს პასუხი მოსთხოვეს.
ივანიშვილის განცხადებით, არეშიძემ და ზაქარეიშვილმა ძალიან კარგად იციან სად რა თქვან, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პრემიერმინისტრობის კანდიდატის აზრით, ამისთვის ორი გზა არსებობს.
„თქვენ მოახერხეთ და სიტუაცია ჩიხში შეიყვანეთ. კონკრეტული გეგმა არ არის, მაგრამ სწორი ქცევით და დიპლომატიით ყველაფერი შესაძლებელია. გლობალურ პოლიტიკაში შეიძლება პოზიციების თანხვედრა არ მოხდეს და ტერიტორიები სწრაფად არ დაბრუნდეს, მაგრამ რაღაც პროცესების თანხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია ეს მალეც მოხერხდეს.
ჩვენ საინტერესო ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ჩვენი ძმები – აფხაზები და ოსები დავაინტერესოთ. როგორღაც უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაც, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით. თუ არ განვითარდა პროცესები ისე, რომ გლობალურ პოლიტიკაში ცვლილება არ მოხდა, არსებობს კლასიკური გზა – რეალურად საინტერესო ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რის შემდეგაც მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - უპასუხა ივანიშვილმა მალაშხიას.