საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზარალი მთლიანად აუნაზღაურდებათ.
ამის შესახებ, ივანიშვილმა პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრისას და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მარიკა ვერულაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როდის მოხდება დაზარალებულების დახმარება.
აღნიშნულზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ბიუჯეტის მდგომარეობის ანალიზის შემდეგ მოხდება.
„ბიუჯეტის მდგომარეობის ანალიზის შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი თანხები მათთვის დასახმარებლად, მოვნახავთ სხვა გზებს - ეს შეიძლება იყოს საქველმოქმედო ფონდი ან სხვა რამ, მაგრამ იქნება კანონიერი გზა და შესატყვისი ჩვენს კანონიერებასთან. ჩვენ სრულად ავანაზღაურებთ დანაკლისს. ზოგს მოუწევს 50 000, ზოგს - ნაკლები. მე დავპირდი კახელებს სრულად ანაზღაურებას და ზუსტად ასეც გავაკეთებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მარიკა ვერულაშვილი ასევე დაინტერესდა თუ როდის აღდგება ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლისა და ბაღები, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ ფაქტებს პირადად არ იცნობს და განხილვის შემდეგ, შეძლებისდაგვარად მოხდება მათი აღდგენა.