საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში არანაირი კრიმინოგენური და მაფიოზური დაჯგუფება არ იარსებებს.
ამის შესახებ, ივანიშვილმა პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრისას და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, კრიმინალურ სიტუაციასთან მიმართებაში, ახალი ხელისუფლება რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.
„ჩვენ, იგივე მეთოდებით არ ვიმუშავებთ, რა მეთოდებითაც თქვენ მუშაობდით. ეს მეთოდები საშინელი იყო და ის კადრებიც ვნახეთ, რაც ციხიდან გამოვიდა. ჩვენ, ქვეყანას უფრო წინ წავწევთ. ის, რომ თქვენ, დაბალ და საშუალო ფენებში კორუფციის აღკვეთა და კრიმინალიზაციის შემცირება მართლაც მოახერხეთ, მე ამას აღვნიშნავ. სამაგიეროდ, ჩვენ მივიღეთ ელიტარული კორუფცია, ის რაც ზედა ფენებში ხდებოდა, კატასტროფა ხდებოდა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანის უფლებები გაიზარდა.
რეალობაში, თქვენ და თქვენი გუნდი ევროპის და ევროპული ინსტიტუტების მოტყუებას ახერხებდით და რაღაც რეიტინგებში იმარჯვებდით, რომ საქართველო ადამიანის უფლებებით პირველ ადგილზე იყო. არადა ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ჩვენ მოვახერხებთ, ნახავთ და მოწმენი გახდებით, რომ საქართველოში კრიმინოგენური და მაფიოზური დაჯგუფება არ იარსებებს. წყნარად, დინჯად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.