არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ და ბიზნესმენი ვაჟა გორელი ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ბიზნესმენებზე რეკეტის განახორცილებაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულის შესახებ, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ვაჟა გორელმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრეს.
მჟავანაძის განცხადებით, ვაჟა გორელს ჩინეთის აგრო-ბანკიდან 3 მლნ 600 ათასი აშშ დოლარი უნდა მიეღო, რათა უკრაინიდან ქვანახშირი შეესყიდა და ჩინელი პარტნიორებისთვის მიეწოდებინა.
მისი თქმით, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბიზნესმენმა აღნიშნული თანხა მიიღო და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით მისი დაპატიმრება და თანხის წართმევა გადაწყვიტა.
მჟავანაძე ამბობს, რომ გამოძიებისას დადგინდა, რომ გორელი აღნიშნულ თანხას ჩინეთიდან მხოლოდ ქვანახშირის მიწოდების შემდეგ მიიღებდა.
„რადგან საქმის გამოძიება დაწყებული იყო, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გორელი პასუხისგებაში რაღაც საბაბით მაინც მიეცათ. პიროვნებას, რომელსაც იარაღის შენახვისა და ტარების უფლება გააჩნდა, გამოძიებამ ბრალი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის წაუყენა“,- განაცხადა მაჯვანაძემ.
მისი თქმით, გამოძიებამ გორელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში ოჯახის წევრებზე ზეწოლით დაემუქრნენ, რის გამოც, გორელმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 ათასი ლარი გადაიხადა და ოჯახის წევრები უსაფრთხოების მიზნით რუსეთში გადაიყვანა.
ვაჟა გორელმა განაცხადა, რომ მას 2,5 წელი პირობითი მსჯავრი აქვს, აღნიშნულ საქმეში კი, წვლილი პირადად მურთაზ ზოდელავას მიუძღვის.
„საქმის გამოძიება 2010 წლის ბოლოს დაიწყო. უკანონო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, ბრალი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 2011 წლის მარტში წამიყენეს. დაკითხვისას გამომძიებლები კონსულტაციებს პირადად ზოდელავასთან გადიოდნენ და ყველაფერს მას უთანხმებდნენ“ - განაცხადა გორელმა.
ის აღნიშნავს, რომ დაკითხვისას პროკურატურის წარმომადგენლები თანამშრომლობას სთავაზობდნენ. კერძოდ, გორელს მათთვის უკანონოდ წარმოებულისხვადასხვა ბიზნესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიწოდებინა.
„საპროცესო გარიგებების განყოფილების უფროსმა საპროცესო გარიგების გაფორმების დროს მითხრა - „შენისთანა ბიზნესმენებით ვავსებთ ბიუჯეტსო“. აღნიშნული საქმის შემდეგ ბიზნესსაქმიანობა შევწყვიტე“, - განაცხადა გორელმა.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ვაჟა გორელის საქმის გადახედვას და მურთაზ ზოდელავასა და პროკურატურის იმ თანამშრომლების დასჯას ითხოვს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილებდნენ.