ფოტოგრაფი იური მეჩითოვი შესაძლოა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ვიხილოთ.
როგორც from.ge - სთან საუბარში მეჩითოვი აცხადებს, ამჟამად აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რაღაც საუბარი იყო.
„ეს საუბარი ჰაერში დარჩა. ასეთი საუბრები არასერიოზულად მიმაჩნია. სერიოზული მაშინაა, როცა დაგიბარებენ და დაგელაპარებიან. ამჟამად, ვერაფერს გეტყვით, რადგან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ოფიციალური შეთავაზება თუ იქნება, გადავხედავ რა საქმეებია სამინისტროში და შემეძლება თუ არა გავართვა თავი. არ მინდა ზედმეტი ვიყო ამ ორგანოში.
არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც პოსტისთვის იბრძვის, თუმცა მე პოსტისთვის არ ვიბრძვი. ბატონი გურამ ოდიშარია, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, თუ ჩათვლის, რომ ამ პოსტზე საზოგადოებისთვის სასარგებლო ვიქნები, მაშინ განვიხილავ ამ საკითხს.
ჩემს შესაძლებლობებზე ცუდ კონტექსტში ნამდვილად არ ვფიქრობ და მგონია, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობები საზოგადოებისთვის სასარგებლო ვიყო“, - განაცხადა მეჩითოვმა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრობის კანდიდატად გურამ ოდიშარია დასახელდა.