ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
კვირიკაშვილმა საწარმოს მუშა მოსამსახურეებს პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც ყველა დეტალს შეისწავლის, რაზეც პრეტენზიები აქვთ გაფიცულებს.
რაც შეეხება მაღაროელებს, მიუხედავად კვირიკაშვილის დაპირებისა, ისინი არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.
ჭიათურმანგანუმს კომპანია „ჯორჯიანმარგანეზი“ ფლობს, რომლის ამერიკელი მეპატრონის ვლადიმერ ლოზინსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კი გაფიცულები მაღაროებს არ დაუბრუნდებიან, იგი იძულებული გახდება მარგანეცი უცხოეთიდან შემოიტანოს და ზესტაფონის ფეროს ქარხანას საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქცია მიაწოდოს.
მაგალითისთვის მან ეგვიპტე დაასახელა და განაცხადა, რომ შესაძლოა, გაცილებით იაფი დაუჯდეს ეგვიპტიდან პროდუქციის შემოტანა, ვიდრე საქართველოში აწარმოებს.
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 14 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულები „ჯორჯიან მარგანეზის“ ხელმძღვანელობისგან ხელფასის 100%-ით ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კვების პირობების მოწესრიგებას მოითხოვენ.