ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა, მისი საქმის გამოტანა სტრასბურგის სასამართლოდან არ მოხდება.
ბექაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, ბოლომდე მივა, რათა სტრასბურგმა გადასინჯოს თუ რამდენად კანონიერი იყო გამსახურდიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
„ცოტნე გამსახურდია არაფრის გამოტანას არ აპირებს. არა თუ სტრასბურგიდან არ ვაპირებთ საქმის გამოტანას, განაცხადის გამოთხოვას არამედ, როგორც კი, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც უკანონო განაჩენების გადასინჯვას დაიწყებს ჩვენ მას ასევე განცხადებით მივმართავთ, რათა გადაისინჯოს ყველა ის უკანონო განაჩენი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ცოტნე გამსახურდიას მიმართ უკანონოდ იქნა გამოტანილი“, - განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პატრიარქმა პრეზიდენტს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა. პატრიარქმა პრეზიდენტს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობიდან მისი გათავისუფლება სთხოვა.
სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გვიან ღამით გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.