"საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია პროფკავშრების წარმომადგენლებსა და რკინიგზის თანამშრომლებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრაზე მუშებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი საბოლოოდ განიხილება. თუ რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასების გაზრდის გარანტიას არ მისცემს, რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც ამ წუთებში სამუშაო ადგილზე იმყოფებიან, რკინიგზას გააჩერებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე რკინიგზის თანამშრომელმა და გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ლეჟავამ განაცხადა, სამუშაო ადგილზე მყოფი მუშები მობილიზებულები არიან და თუ ადმინისტრაცია დათმობაზე არ წავა ისინი მუშაობას 2 საათით შეაჩერებენ.
მოლაპარაკებები ადმინისტრაციასა და რკინიგზის თანამშრომლებს შორის გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ადმინისტრაციამ ხელფასების გაზრდის შესახებ მსჯელობისთვის 1 საათი ითხოვა, თუმცა შეხვედრა 2 საათ-ნახევრის შემდგომ განახლდა, სადაც რკინიგზის ადმინისტრაციამ მუშებს ბიუჯეტი წარუდგინა და განუცხადა, რომ რკინიგზას დიდი ხარჯები აქვს და ხელფასების გაზრდას ვერ მოახერხებს.
პროფკავშირის წარმომადგენლის ვიტალი დოლიძის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლებს ამის არ სჯერათ, ამიტომ გადაწყვიტეს მოლაპარაკება დღეს დილიდან განაახლონ.
მუშები ადმინისტრაციისგან უკვე რამდენიმე დღეა ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურების და საპრემიო სისტემების მოწესრიგებასა და პროფკავშირული საქმიანობისთვის დასჯილი თანამშრომლების უფლებების აღდგენას ითხოვენ.