კოალიცია „ქართული ოცნება" საგადასახდო პოლიტიკის მთლიანად გადახედვას და ამ მიმართულებით რიგი ახალი ინიციატივების ამოქმედებას აპირებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებს საგადასახადო მიმართულებით შემუშავებულ სიახლეები გააცნო.
ინიციატივები, რომლითაც კოალიცია ამ მიმართულებით გამოდის, შემდეგ შინაარსისაა: დადგინდება საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ასევე, შემოღებული იქნება ფიზიკური პირებისათვის გამოქვითვის გონივრული სისტემა, მოწესრიგდება მოგების გადასახადში გამოქვითვების სისტემაც.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი აპირებს გადახედოს აქციზური საქონლის ნომენკლატურას.
„უნდა დაიბეგროს ძირითადად მხოლოდ ფუფუნების საგნები, გაუქმდება ქონების გადასახადში აფასების სისტემა და შენარჩუნდება ერთპროცენტიანი განაკვეთი“, - აღნიშნა მან.
ხადურის თქმით, კანონი არ დაუშვებს ახალმიღებული ცვლილებების მყისიერად ამოქმედებას და დაწესდება გონივრული ვადა მათი მიღების ამოქმედებამდე.
„კოალიცია ასევე აპირებს მოაწესრიგოს საგადასახადო კანონმდებლობაში ყველა ბუნდოვანი ჩანაწერი და ისეთი მუხლები, რომლებიც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებობას იძლევა და გაამარტივოს ყველა საგადასახადო ნორმა და ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები მეწარმის სასარგებლოდ მიიღოს“, - განაცხადა ხადურმა.
გარდა ამისა, საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით იგეგმება, საგადასახადო სისტემაში ცალკეული დარღვევების დეკრმინალიზაცია და ცალკეულ სფეროებში ჯარიმებისა და საურავების ოდენობების შემცირება.
ახალი ხელისუფლება ასევე აპირებს, რომ შეამციროს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების საფასური და ბაჟი.