for.ge-ს სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს შეტანილ ცხრა გვერდიან განცხადებაზე ოფიციალურ პასუხს ეროვნული მუზეუმისგან მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ მუზეუმის წარმომადგენელმა სიტყვიერად განგვიცხადა, იმ შეხვედრაზე, რომელიც 22 ოქტომბერს, მუზეუმის წარმომადგენლის თხოვნის საფუძველზე შედგა for.ge-ს რედაქციაში. ამ შეხვედრას ჩვენი უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძეც ესწრებოდა.
ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელს აინტერესებდა რა იყო ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის საბოლოო მიზანი, რაც მას მკაფიოდ და მარტივად ჩამოვუყალიბეთ - ჩვენი ერთადერთი მიზანია საგანძური ისე იყოს მოვლილი და ნაპატრონები, როგორც მას ეკადრება!
ამასთან, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელს შევახსენეთ ისიც, რომ სამართლებრივ ბრძოლას, გარკვეულ პირებთან ერთად მეორე ფრონტზეც აუცილებლად გავაგრძელებთ - გასული წლის 18 ნოემბერს, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი ჯგუფის წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურორს საჩივრით მივმართეთ.
ჩვენ ველოდებით ახალი მთავრობის დამტკიცებას, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი ფორმით პროკურატურას ერთი წლის წინ შეტანილი საჩივრის შესახებ შევახსენებთ.
საჩივარზე ხელმომწერებს და მათ შორის for.ge-ს ხელთ აქვს მტკიცებულებები - ფოტოები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები; მასმედიის საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიები, გარკვეული დოკუმენტები...
მთავარი პროკურორის დამტკიცების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ დაკითხვას, რა დროსაც ზემოხსენებულ მტკიცებულებებს წარვადგენთ.
ამასობაში ეროვნული მუზეუმიდანაც ალბათ, მივიღებთ პასუხს, ჩვენს ცხრაგვერდიან განცხადებაზე, რომელშიც პუნქტობრივადაა ჩამოყალიბებული პასუხგაუცემელი კითხვები. რას ვიზამთ ამის შემდეგ - ამ კუთხით სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ თუ შევწყვეტთ, ეს თავად მუზეუმიდან მიღებულ პასუხებსა და დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული.