თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირველი შედეგი, რაც ხელისუფლების გადაბარების პროცესში სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა აჩვენა, არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროში გამჯდარია უპასუხისმგებლობა და არ არსებობს სამოქალაქო კონტროლი.
ამის შესახებ ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, აღმოჩნდა, რომ ხშირად ადგილი ჰქონდა ჯარისკაცთა მიმართ უღირს ქმედებას.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯარისკაცი, მისთვის პირობების შექმნა, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ თავისი მისია. ყურადღება მიექცევა პირველ რიგში საფინანსო დისციპლინის დამყარებასაც, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეულობით მილიონი ლარი იქნა დახარჯული აღრიცხვის გარეშე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიესალმება ასევე სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, თუ ამის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება და აღნიშნა, რომ მისი მიზან სწორედ, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალქო კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს.
ამასთან, თავდაცვის ახალი მინისტრი მობილური, სწრაფად გადაადგილებად არმიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელსაც უნარი ექნება, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენოს.
„თავდაცვის სფეროში მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწრაფი და მობილური დანიშნულების ძალების გაწვრთნასა და მათი შესაძლებლობების გაზრდაზე. აქცენტი ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზეც გაკეთდება. შემუშავებული იქნება თავდაცვის ახალი სტრატეგია, რომელიც ძირითადად შეკავების, თავდაცვისა და თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“, - განაცხადა ალასანიამ.
ასევე, ალასანიას თქმით, გაგრძელდება ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, მათ შორის გაგრძელდება აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ საქართველო თავდაცვითი იარაღის შესყიდვას მოახერხებს.