პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კულტურის მოღვაწეების იმ ნაწილს, რომლებმაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატ, გურამ ოდიშარიას მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა კითხვით მიმართავს.
შესაბამის განცხადებას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი გამოქვეყნებულ წერილში ინტერესდება, თუ რატომ არ გააკეთეს მსგავსი მიმართვა კულტურის მოღვაწეებმა ნიკა რურუასადმი მაშინ, როდესაც მწვავედ დადგა საკითხი ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენის თაობაზე.
„კითხვა მაქვს, „ქართულ საზოგადოების გამოჩენილ ელიტასთან“, ასეთი მიმართვა ამდენი ან ნაკლები ხელმოწერებით, ხომ არ გამომრჩა და არ გაუგზავნია მაშინდელ მინისტრთან რურუასთან ქართულ კულტურის ძეგლების გადარჩენის საკითხი მწვავედ რომ დადგა (და დგას): ბაგრატზე, მცხეთაზე, ერეკლეს სასახლეზე, მესტიიის ხელნაწერების მდგომარეობაზე, ბუტაფორია რაბათზე, ქუთაისის და აღმაშენებლის ან ძველ თბილისის გადაგვარებაზე, ბათუმზე რომ აღარაფერი ითქვას ან კიდევ რობერტ სტურუას გაგდებაზე... და ნუთუ ერთი ადამიანის დანიშვნა ბევრად მნიშვნელოვანი გახდა?“ - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოადგილეების დანიშვნა საზოგადოებამ მინისტრებს უნდა ანდონ.
„უნდა გავიგოთ ჯერ თვით მინისტრი ან საზოგადოებისგან მოწონებული ადამიანები ამ საჭირბოროტო საკითხეზე რას აპირებენ, რა პრიორიტეტებს ისახავენ მიზნად!“- წერს ზურაბიშვილი facebook - ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, კულტურის მოღვაწეების ნაწილმა კულტურის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას მოადგილედ ვალერიან შიუკაშვილის დანიშვნის რეკომენდაციით, ხოლო ნაწილმა - თაკო ჩარკვიანის დანიშვნის რეკომენდაციით, წერილობით მიმართეს