საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ გადაცემას - „სუბიექტურ აზრს“ გამოეხმაურა, სადაც საუბარი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეეხო.
კომისიაში აცხადებენ, რომ გადაცემის ერთ–ერთი წამყვანი საუბრობდა, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტზე, რადგან ის ფლობს წილს სარეკლამო კომპანია „მაგი სტილი მედიაში“.
მათი განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციები და მაუწყებლობა. სარეკლამო ბიზნესი კი კომისიის რეგულირების სფეროში არ შემოდის
„ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ირაკლი ჩიქოვანს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს“ , -აცხადებენ კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, გადაცემის წამყვანი ასევე, საუბრობდა სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კანონით დადგენილი სარეკლამო დროის ლიმიტების დაცვაზე და აქვე მიუთითებდა, რომ კომისია გარკვეული სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან სარეკლამო დროის ლიმიტების დარღვევის შესახებ რეგიარებას არ ახდენდა.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტების დარღვევის გამო სანქცია ორჯერ დააკისრა. ანალოგიური დარღვევის გამო ტელეკომპანია „იმედიც“ დაჯარიმდა.
კომისიაში განმარტებას აკეთებენ ასევე სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტების გაზარდაზეც და აღნიშნავენ, რომ კანონში ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტმა და არა კომისიამ, რადგან მათი ცნობით, კომისიას საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია.
„გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება სცილდება კანონშემოქმედებას. საქართველოში კანონებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო იღებს. კომისიას საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. შესაბამისად კანონში ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტმა და არა კომისიამ“, - აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.