უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლოს საქმიანობის 9 თვის მონაცემები გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა მეიშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლი 9 თვეში სისხლის სამართლის საქმეთა მოცულობა 24.3%-ით შემცირდა, ხოლო მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა 4125-ით.
მისივე თქმით, აღმკვეთი ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1572-ით ნაკლებ მსჯავრდებულს.
„რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას, არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენებს რაოდენობა 9.7%-ს შეადგენს, შემცირდა აღკვეთის ღონისძიებების მაჩვენებელიც. 9 თვის მონაცემებით 5007-ით შემცირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, დაბალია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების გასაჩივრების რიცხვიც, რომელიც 6-7%-ს შეადგენს“, - განაცხადა ზაზა მეიშვილმა.
კითხვის პასუხად, ხომ არ აიხსნება საქმეების მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრების ნაკლებობა სასამართლოს მიმართ უნდობლობით, ზაზა მეიშვილი აცხადებს, რომ გასაჩივრებას წინ არაფერი უდგას და ადვოკატი ვალდებულია დაარწმუნოს კლიენტი, რომ გასაჩივრების შანსი გამოიყენოს.