"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ პრეზიდენტი ნესტან კირთაძე ბრიუსელში SDA-ს ხელმძღვანელობას შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში წარმოდგენილი სრულიად ახალი, ალტერნატიული სამშვიდობო პროცესის - „ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ საქმიანობის კონკრეტული ინიციატივები და ამოცანები საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატიის დონეზე.
მათივე ინფორმაციით, კონკრეტული საუბარი გაიმართა ასევე პოსტკონფლიქტური და პოსტომის საქართველოს რეალურ ვითარებასა და სამშვიდობო-ინტეგრაციული პროცესების დაწყებისათვის ალტერნატიული ფორმატებისა და მოქნილი დიპლომატიური მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
განცხადების თანახმად, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს - უახლოეს მომავალში „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ SDA-სა და „ევროპის მეგობრების“ სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული უდიდესი ევროპული შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ლიდერებთან, უმაღლეს საექსპერტო წრეებთან - „ევროპის ტვინებთან“ და ევროპულ და საერთაშორისო პრესასთან პირდაპირი და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს.
მეორე შეთანხმება, რასაც მხარეებმა მიაღწიეს, ის იყო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ბრიუსელში, SDA-ს ორგანიზებითა და ფორმატით, ევროპელი ექსპერტებისა და ნატო-ს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართოს ქართულ, აფხაზურ და ოსურ, აგრეთვე, რუსულ წარმომადგენლობათა პირველი შეხვედრა და თუნდაც „დახურული კარის“ ფორმატში და შედგეს პირველი დისკუსიები რეალური სამშვიდობო პროცესის დასაწყებად.
ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს „ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ წაუდგენს მის კონკრეტულ გეგმას და სამშვიდობო პროცესს, რომელიც ხალხებს შორის ურთიერთობისა და ნდობის უნდა დაიწყოს აღდგენით და სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და აკადემიურ ურთიერთობებს დაეფუძნოს.
„ასეთი ახალი ფორმატების ძიება და ხალხთა შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენისათვის დაუღალავი საქმიანობა, მოლაპარაკებები, დისკუსიები, წინააღმდეგობები, შეთანხმებები, კრიტიკა, დაუძინებელი ოპონირება, მაგრამ მაინც სვლა რეალური მშვიდობისაკენ, ნდობის აღდგენისაკენ და რეალისტური პოლიტიკური პრინციპებიდან ეკონომიკური რეინტეგრაციისაკენ -ეს არის და იქნება საერთაშორისო დიპლომატიის დონეზე ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი. ჩვენ არ ვეძებთ გზებს მშვიდობისაკენ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მშვიდობაა თავად გზა და ჩვენ ამ გზაზე მყარად, გაბედულად და თამამად დავდექით“, - განაცხადა ნესტან კირთაძემ SDA-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, შემდეგ ვიზიტს ნესტან კირთაძე რუსეთის დედაქალაქში გეგმავს, სადაც ის უმაღლესი პოლიტიკური, დიპლომატიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.