„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია თანამშრომლებს მატარებლების მოძრაობის შეფერხებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ, „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას აქვეყნებს.
„2011 წლის დაპირების შესაბამისად რკინიგზელების ხელფასები „რკინიგზაში დასაქმებულთა სახელფასო რანგირების პროგრამის“ ფარგლებში გადაიხედა და ეტაპობრივად მათი მატება დაიწყო.
30 ნოემბრიდან კი, ხელფასები შემდეგ რაოდენობას მიაღწევს - მემანქანე - 1250 ლარი, მემანქანის თანაშემწე - 900 ლარი, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსები - 2 500 ლარი, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეები – 900 ლარი.
სხვა ყველა დანარჩენ სადგურებზე მუშაობის მოცულობიდან გამომდინარე, ხელფასები შეადგენს - სადგურის უფროსები - 900 დან 1800 ლარამდე, სადგურის მორიგეები 750-დან 900 ლარამდე. გაიზარდა სალიანდაგოს მუშების ხელფასიც 500 ლარამდე, ხოლო სალიანდაგო-სარემონტოს მუშებს დაუწესდათ 100 ლარიანი სახელფასო დანამატი „სწრაფი რკინიგზის“ პროექტის ფარგლებში“, - ნათქვამია „რკინიგზის“ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია ასევე განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეჩერებულია, რის გამოც დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება, შესაბამისად, ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშომლების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
„თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხიმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგან „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთების 85% საერთაშორისოა. შემოდგომა არის სპეც-ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, „საქართველოს რკინიგზა“ არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ; ნებისმიერი შეფერხება კი, „საქართველოს რკინიგზისა“ და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცვლელი და ზიანის მომტანია“, - აცხადებენ „საქართელოს რკინიგზის“ ადმინისტრაციაში.
რკინიგზელთა პროფკავშირი დღეიდან გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებს.
„საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირის“ თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის განცხადებით, რკინიგზელები ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, პროფკავშირული აქტიურობის გამო დასჯილი თანამშრომლების უფლებების აღდგენას, ზეგანაკვეთური ანაზღაურების და საპრემიო სისტემების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევას ითხოვენ.
რკინიგზელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამაფრთხილებელი გაფიცვა 24 ოქტომბერს მთელი კომპანიის მასშტაბით გაიმართება.