ბრიტანელი კომპოზიტორი და შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი თავის წარმატებულ კარიერას ასრულებს. როგორც მომღერალი აცხადებს, აპირებს მთელი დრო პირად ცხოვრებას დაუთმობს, იქამდე კი მას დასვენება სჭირდება. მუსიკის წერა კი უკვე დიდი ხანია არ სურს.
ჯეიმს ჰილერ ბლანტი, 1974 წლის 22 თებერვალს დაიბადა. მშობლები ჯეიმს ბავშვობიდან მკაცრი სამხედრო დისციპლინით ზრდიდნენ. 7 წლის ასაკში ის სასწავლებლად სკოლა-ინტერნატში გაამწესეს, სადაც ჯეიმსი სადღესასწაულო მუზიკლში აიყვანეს. სწორედ აქ შედგა მისი დებიუტი და აქედან დაიწყო მისი გატაცება მუსიკალური სამყაროთი. „Queen“-ს და „Dire Straits“–ს აღმერთებდა. 14 წლისა გიტარაზე „Nirvana“-ას მელოდიებს აწყობდა, მალე საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო.
ჯეიმსმა, 16 წლის ასაკში თვითმფრინავის მართვის ლიცენზია მიიღო. შემდეგ კი მამის დაჟინებული თხოვნით, ჯარში წავიდა. მან სამხედრო განათლება მიიღო. რასაც ლეიტენანტისა და კაპიტნის წოდებაც მოყვა.
25 წლის ლეიტენანტი კოსოვოში გაგზავნეს. მას გიტარა ტანკშიც კი თან ჰქონდა. რომელიღაც თავდასხმისას ჯეიმსმა სიმღერა „No Bravery“ დაწერა. 2002 წელს, რამდენიმე დემო-ჩანაწერით, ჯეიმსმა ჯარი დატოვა და მუსიკის სამყაროში დაბრუნდა. დემოზე საკუთარი საუკეთესო სიმღერები შეკრიბა და ალბომზე მუშაობას შეუდგა. სულ მალე, ის კონტრაქტს სტუდია „Custard Records“-თან აფორმებს.
2003 წელს ჯეიმსი, ალბომის ჩასაწერად კალიფორნიაში გაემგზავრა. პარალელურად ის მუშაობდა, ღამ-ღამობით კლუბებში ცხოვრობდა, დღისით კი, ტომ როტროკთან ერთად ალბომს ამზადებდა. ჯეიმსს სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლება ეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე „Custard Records“ -ის ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და „აივორ ნოველოს“ ორი ჯილდო. 2006 წლისათვის იგი ნომინირებული იქნა გრემის ხუთ ჯილდოზე. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlam მოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.