დღეს ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვართან ტერაქტი განხორციელდა. პოლიციის გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტებმა ის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც თვითონ იჯდნენ. დაიღუპა ერთი პოლიციელი, მძიმედ დაიჭრა ოთხი.
ინგუშეთის შს სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, აფეთქება , რომელიც პოლიციის გამშვებ პუნქტთან განხორციელდა, იმდენად ძლიერი გახლდათ, რომ მანქანის ნაწილები 80 მეტრის დაშორებით გადაისროლა.
შს სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ეს არის ბოევიკების რეაქცია ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად.
ორი დღის წინ რუსეთის სამხედრო ძალებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩრდილოეთ კავკასიაში. განადგურებულია 49 ბოევიკი და მათი კუთვნილი 90-მდე იარაღის ბაზა.