სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით კორუმპირებულია, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს ქუთაისის პარლამენტში განუცხადა, საოცრად არის გაზრდილი ის თანხები, რომელსაც პატიმრებს სძალავდნენ.
„რაც უფრო მეტად ვიხედები საქმეში, ვხედავ, რომ ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია. გაცილებით კორუმპირებული, ვიდრე შევარდნაძის დროს და "ვარდების რევოლუციამდე". საოცრად არის გაზრდილი ის თანხები, რომელსაც პატიმრებს სძალავდნენ. კორუფცია და ადამიანის უფლებათა დარღვევა კი საოცრად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. მაგალითად, პატიმარ მეუღლესთან როცა გრძელვადიან პაემანზე უშვებენ მეუღლეს, მას ამისთვის 1000 დოლარს ახდევინებენ, ამის შემდეგ კი მათი იქ გატარებული დრო ყოველთვიური და ყოველწლიური გამოძალვის მიზეზი ხდება, ვინაიდან იქ ცოლქმრულ ცხოვრებას იღებენ", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს.